10.3.11

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლაში

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პილოტირებას გადის და ინერგება ახალი საგნები: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინგლისური ენა (პირველი კლასიდან), სპორტი, ქართული ცეკვა, მსოფლიო კულტურა.

ახალი საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - სწავლების მნიშვნელობაზე, ამ საგნის სწავლა-სწავლების ფორმებსა და მეთოდებზე გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორ, ქ-ნი ნათია ჯოხაძე.

ქ-ნო ნათია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა. რა სიახლეებია დაგეგმილი ამ მიმართულებით?

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიოს ინფორმაციულ სივრცეში მისი აქტიური ინტეგრირება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანადაა მიჩნეული.

სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს სწავლებას ამ მიმართულებით ზოგადი განათლების ყოველ საფეხურზე.

რა მეთოდოლოგიით და რომელ კლასებში ისწავლება ეს ახალი საგანი?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლებისას დაგეგმილია ორგვარი მიდგომა: ისტ-ი, როგორც დამოუკიდებელი საგანი და ისტ-ი - ინტეგრირებული სხვა სასწავლო დისციპლინებში. ისტ-ი, როგორც ცალკე საგანი, ისწავლება I, V, VI კლასებში. დანარჩენ კლასებში სწავლება ინტეგრირებულად მიმდინარეობს, ხოლო X, XI, XII კლასებში საგანი არჩევითია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 3000 პირველკლასელს კომპიუტერები - ნეტბუქები დაურიგდა და დაიწყო საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პილოტორება, ხოლო 2011-2012 სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს ნეტბუქს. დაწყებით კლასებში კომპიუტერის გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთა ტექნიკური კომპეტენციების განვითარებისათვის, ასევე იგი დაეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის სწავლაში, სახალისოს და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს. სწავლების პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესი ეფუძნება სათამაშო გარემოს შექმნას, რომლის დროსაც აქტივობების უმეტესობა დაკავშირებულია რაოდენობების და კანონზომიერებების ამოცნობასთან, რიცხვებზე მოქმედებებთან, ფერებთან, ფორმებთან და ა.შ.

როგორ არის შედგენილი სასწავლო პროგრამა?

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა შედგენილია მისი ფლობის დონეების მიხედვით. სწავლების ასეთი მოქნილი მოდელი თითოეულ მოსწავლეს მისი შესაძლებლობების შესაბამის ცოდნას აძლევს სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. გამოიყოფა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის 3 დონე:

I დონე
მოიცავს დამწყები მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს: ძირითადი მოწყობილობების ცოდნა, ოპერაციული სისტემა, ტექსტთან მუშაობა (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი, ელ-ფოსტა და ა.შ.

II დონე მოიცავს დაოსტატებული მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს: გარდა იმისა, რომ I დონის სასწავლო მასალა გამეორდება გაღრმავებულად, მას დაემატება სხვა, უფრო რთული კომპონენტები, ოპერაციული სისტემები, web-დიზაინის ელემენტები და სხვ.

III დონეზე გათვალისწინებულია არჩევითი კურსი. სკოლას, არსებული რესურსებიდან გამომდინარე, შეეძლება შესთავაზოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ორი მოდული: პირველი მოდული მოიცავს ინფორმატიკის და პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა შენახვის, დამუშავების, გადაცემის ხერხებს, ალგორითმებს, ხოლო მეორე მოდული იქნება კომპიუტერული დიზაინი (მაგალითად: web-დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, მულტიმედია და სხვ.).

როგორ
განისაზღვრება სწავლების დონეები - კლასების, ანუ ასაკის მიხედვით თუ სხვა კრიტერიუმებით?
ექსპერტები ჩამოყალიბდნენ შემდეგ პოზიციაზე: ყოველი დონის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვროს თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად (ამ სკოლაში ისტ-ის სწავლების ტრადიციების, კომპიუტერების რაოდენობის, კვალიფიციური კადრების არსებობის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საკუთრებაში არსებული კომპიუტერების რაოდენობის და სხვა პარამეტრების მიხედვით). მაგალითად, ისტ-ის, როგორც დამოუკიდებელი საგნის, დანერგვის საწყის ეტაპზე სკოლას უფლება აქვს, ისტ-ის პირველი დონე დაიწყოს როგორც მე-5, ასევე უფრო მაღალ კლასებშიც, თუ მაღალი კლასის მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ფლობს პირველი დონის შესაბამის უნარებს.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რაც მას დაეხმარება როგორც მომავალ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სწავლის გასაგრძელებლად.

წყარო

No comments:

Post a Comment