30.4.17

eSchool - მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის #35 დადგენილებით „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” შესული ცვლილებების შესაბამისად (eSchool)-ში აისახა შესაბამისი ცვლილებები.
კერძოდ:
1. სამოქმედო გეგმაში აქტივობების ჩამონათვალი აღარ იყოფა სავალდებულო და დამატებით აქტივობებად. თითოეულ დანიშნულებაში მითითებულია აღნიშნული აქტივობა წინისვლისთვის უნდა განსახორციელოს მასწავლებელმა თუ სტატუსის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ აქტივობების უმრავლესობა მასწავებელმა შესაძლოა გამოიყენოს, როგორც სტატუსის შენარჩუნებისათვის ასევე წინსვლისათვის.
2. სამოქმედო გეგმა ყველა სტატუსისათვის განსხვავებულია და შედგება სქემით განსაზღვრული აქტივობებისაგან.
3. სამოქმედო გეგმა შედგება ყველა აქტივობისაგან რომელიც მასწავლებელს შესაძლოა დასჭირდეს სტატუსის შესაცვლელად ან წინსვლისათვის. მასწავლებელი ირჩევს აქტივობებს სამოქმედო გეგმაში რომლის განხორციელებასაც გეგმას მიმდინარე სასწავლო წელს.
4. სქემაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა სტატუსების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი დამატებითი საქმიანობების/აქტივობების შინაარსობრივი თუ ტექნიკური რედაქტირება. თუკი თქვენს სამოქმედო გეგმასა და პროფესიულ საქაღალდეში აქტივობები გამუქებულია/შეფერილია ეს ნიშნავს რომ აღნიშნულ აქტივობებს ხელმეორედ ვერ აირჩევთ. მასწავლებლების, რომლებსაც აღნიშნული აქტივობები არ არის შეფასებული შეფასების ჯგუფის მიერ და შესაბამისი კრედიტიარ არის ასახული (eSchool) - ის ბაზაში, შეფასების ჯგუფს შესაძლებლობა ექნება შეფასება განახორციელოს 2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
შენიშვნა: სქემაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა სტატუსების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი დამატებითი საქმიანობების/აქტივობების შინაარსობრივი თუ ტექნიკური რედაქტირება. მასწავლებლებმა, რომლებსაც მონიშნული ქონდათ აღნიშნული აქტივობები, განახორციელეს მაგრამ ამ დრომდე არ ქონდათ ატვირთული შესაბამისი დოკუმენტაცია სამოქმედო გეგმაში აღნიშნული აქტივობები უნდა მონიშნონ ხელახლა ცვლილებების შესაბამისად.


8.3.17

eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას იწყებს. პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი: https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან).

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან ერთად. მასწავლებლები რომლებიც განახორციელებენ ევროპულ პროექტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთნონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. ხოლო ეროვნული პროექტების(ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს. სქემის ფარგლებში კრედიტქულის მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ხოლო ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე დანართ N1 -ის მიხედვით) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამათზე: etwinningplusgeo@tpdc.ge   1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით .

ასევე, იხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები დანართი N 2

უპირატესობა მიენიჭებათ სატატუსით უფროსს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კანდიდატთან გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.





თავისუფალი გაკვეთილები

7.3.17

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს, ამის შესახებ სპეციალური განცხადება ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გააკეთა.
წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესს, რომელიც მოიაზრებს, ცენტრთან ერთად სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას.
ზემოაღნიშნული პროცესი განხორციელდება ეტაპობრივად, რომლის პირველი ეტაპი სიტუაციური ანალიზის და ბაზრის განვითარების პერსპექტივის შესწავლაა. ამ მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს დაინტერესებული ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც დაეხმარება მას არსებული რესურსების სწორ შეფასებაში. რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ:
  • სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ საგრანტო კონკურსებსა და სახელმწიფო შესყიდვებში;
  • სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებიც ახორციელებენ უფასო და/ან ფასიან პროფესიული განვითარების პროგრამებს შეძლებენ მოიპოვონ აღიარება იმისათვის, რომ მასწავლებლებს, რომლებიც ხსენებულ პროგრამებს გაივლიან მიენიჭოთ შესაბამისი კრედიტ-ქულები.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
სერვისების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მიმწოდებელს კონკურენტულ გარემოში შეიმუშაოს და განახორციელოს მრავალფეროვანი პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. სერვისის მომწოდებლები შესაძლებელია იყოს
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან დაწესებულებათა ქსელი
  • პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საგნობრივი და პროფესიული ასოციაციები
  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა იურიდიული პირები

რეგისტრაცია მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

1.3.16

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი

მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორთფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.

სრულად

წყარო

გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი უნარ-ჩვევები


570001b3dba5a7468817e743deb1b224ყველა მასწავლებელს მოეთხოვება, გაკვეთილების წარმატებით დაგეგმვისთვის განსაზღვრული უნარ–ჩვევები განივითაროს. მათგან უპირველესია ყოველი გაკვეთილის დაგეგმვის ჩვევა. მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალს თუ შეუძლია, გაკვეთილი ექსპრომტად ჩაატაროს და ეს უმალ გამონაკლისია, ვიდრე ტიპური შემთხვევა. დაგეგმვის ფაზის გამოტოვება უმეტესად გაკვეთილის ჩავარდნის ტოლფასია და ასეთი გაკვეთილები, როგორც წესი, დაკარგული დროა და მეტი არაფერი.
მეორე ძირითადი უნარ–ჩვევა ის არის, თქვენს ყოველდღიურ განრიგში გამოყოთ დრო გაკვეთილების დაგეგმვისთვის. პედაგოგიური კარიერის საწყის ეტაპზე დაგეგმვის ფაზას საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ წარმატებული რეფლექსიური პრაქტიკისა და გამოცდილებისა თუ რესურსების დაგროვების კვალდაკვალ მასწავლებელი ეჩვევა მინიმალურ დროში საგაკვეთილო იდეების გენერირებასაც, მათ ჩანიშვნასაც სახელმძღვანელო დირექტივების სახით და ამა თუ იმ ჩარჩო-სქემისთვის მორგებასაც. თუ პედაგოგიური კარიერის დასაწყისში ძალისხმევა უმთავრესად ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებითობაზე იხარჯება, გამოცდილი მასწავლებლები უკვე ფოკუსირებას ახდენენ იმპროვიზაციაზე საგაკვეთილო პირობების შეცვლისას.
შესაბამისად, მესამე ძირითადი უნარ–ჩვევაა, დეტალურად ჩაინიშნოთ გაკვეთილის კომპონენტები და არ ეცადოთ მათ დამახსოვრებას.
ჩანაწერების სარგებელი აშკარაა – ისინი საშუალებას იძლევა:
  • ადვილად მოხდეს კომპონენტების მოდიფიცირება მომავალში იმავე გაკვეთილის ჩატარებისას ან მისი პარალელურ კლასში ჩატარებისას;
  • საფუძვლიანად გააანალიზდეს დაგეგმილ აქტივობათა თანწყობა მათი ეფექტიანობის თვალსაზრისით;
  • უფრო ფაქიზად დამუშავდეს მნიშვნელოვანი დეტალები;
  • მეორე დღეს, გაკვეთილის ჩატარებამდე ჩანაწერისთვის თვალის გადავლებით, საკუთარი ნამუშევრისგან გაუცხოების ეფექტის წყალობით, მხოლოდ რეალისტურზე მოხდეს ფოკუსირება, მხოლოდ ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, მხოლოდ ოპტიმალური ძალისხმევა იქნეს გაღებული.
მეოთხე ძირითადი უნარ–ჩვევა უკავშირდება პრობლემას, რომელსაც გამოცდილი მასწავლებლებიც კი ეჯახებიან – საგაკვეთილო დროის მენეჯმენტს. ყველას უჭირს იმის წინასწარმეტყველება, რამდენ დროს მოითხოვს ესა თუ ის აქტივობა, რადგან ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილს მასწავლებელი ვერც კი აკონტროლებს. ჯგუფური მუშაობის დომინირების შემთხვევაში (რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ დიფერენცირებული ან თუნდაც არადიფერენცირებული, მაგრამ თანამშრომლობითი სწავლებისას) დროითი დანახარჯის პროგნოზირება კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მიზანშეწონილია გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე გათვლილი საგაკვეთილო გეგმების მომზადება, მერე კი იმ აქტივობათა შერჩევა, რომლებიც შეიძლება უმტკივნეულოდ ამოაგდოთ გეგმიდან ან პირიქით, ჩაამატოთ, თუ ისინი შეეფერება გაკვეთილის მიზანს და არ აზარალებს მას. გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ იმატებს დროითი დანახარჯის შეფასების სიზუსტეც, თუმცა ყველაზე დიდი განსხვავება ვეტერან და ახალბედა მასწავლებლებს შორის ისაა, რომ ვეტერანმა იცის: როგორც არ უნდა დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი, რამე გაუთვალისწინებელი მაინც მოხდება, ამიტომ მისი მხრივ გონივრული იქნება, მზად იყოს წინასწარ შერჩეული აქტივობების საშუალებით გეგმაში ცვლილებების შესატანად.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებლის გონებაში მომწიფდა საინტერესო იდეა გაკვეთილისთვის და ჩაინიშნა კიდეც მისი ცალკეული ეტაპები თუ აქტივობები. როგორ მიხვდეს გაკვეთილის მსვლელობის მისეული ხედვის მიხედვით, ტრადიციულია ჩაფიქრებული გაკვეთილი თუ მოსწავლეებსა და შედეგზე ორიენტირებული?
იოლი მისახვედრია, რომ გაკვეთილი ვერ ჩაითვლება მოსწავლეებზე ორიენტირებულად, როდესაც მასწავლებელი:
  • ცდილობს, წინასწარ დაგეგმილი გაქვავებული განრიგის მიხედვით გაუყვეს სასწავლო გეგმას, რათა დროულად „გაიაროს პროგრამა“ და არ ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებებს იმ პერიოდისთვის, როდესაც გაკვეთილი უნდა ჩაატაროს;
  • ჯეროვან, ხშირად კი გამორჩეულ ყურაღებას უთმობს მხოლოდ „მის საგანში ნიჭიერ“ მოსწავლეებს (ცნობილია, რომ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინისადმი გამოკვეთილი მიდრეკილებების მქონე მოსწავლეთა წილი კლასში 10% თუა);
  • „დაღეჭვის“ დონეზე ხსნის გაკვეთილს და მოსწავლეებს თავს ახვევს ცალკეული მეცნიერების, ხანდახან კი საკითხის საკუთარ ინტერპრეტაციებს ან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს; განსხვავებული აზრი არ გამოითქმის ან არ წახალისდება, მოსწავლეებს ამ „დაღეჭილი“ ლუკმის გადაყლაპვაღა დარჩენიათ;
  • უხვად მოჰყავს ფაქტები (მაგალითად, ბიოგრაფიული ცნობები) ან მოსწავლეებს შორიდან აჩვენებს მოდელებსა თუ ბუნების ქმნილებების მაკეტებს, რითაც დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ ერუდიციას და ძალისხმევას დამატებითი რესურსების მოსაძიებლად, ამასთან, მოსწავლეებისგან მოითხოვს მხოლოდ ამ ფაქტების დამახსოვრებას და მომდევნო გაკვეთილზე მათ გახსენებას;
  • დაფასთან მორიგეობით იძახებს ცალკეულ მოსწავლეებს სავარჯიშოების შესასრულებლად, მაშინ როდესაც დანარჩენები დაფიდან იწერენ სხვის შესრულებულ დავალებას, რომლის გააზრებასაც ვერ ასწრებენ, რადგან ჩანაწერის დასრულებამდე უკვე სხვა მოსწავლეა გამოძახებული დაფასთან და ახალი სავარჯიშოს შესრულებას იწყებს;
  • ზრუნავს წესრიგზე, გაკვეთილს ავტორიტარულ რეჟიმში წარმართავს, ამიტომ ყველა მოსწავლე გასუსულია, მაგრამ მათი უმრავლესობა ჩუმადაა არა იმიტომ, რომ შესასწავლ საკითხზე ფიქრობს, არამედ უბრალოდ პასიურია;
  • შეჯიბრების ტიპის ურთიერთობას ამკვიდრებს მოსწავლეთა შორის, როდესაც მათი შეფასების დროს ერთმანეთს ადარებს მოსწავლეთა პრეზენტაციებს და გამორიცხავს ნიშნებში ინდივიდუალური პროგრესის წილს;
  • დაუყოვნებლივ მოითხოვს პასუხს დასმულ კითხვაზე და თვითონვე ირჩევს მოპასუხეს ისე, რომ კითხვას არ მიუსადაგებს მისი მზაობის დონეს.
გაკვეთილი მოსწავლეებზე ორიენტირებულად ვერც მაშინ ვერ ჩაითვლება, როდესაც:
  • მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას გამორიცხავს მერხების უცვლელი განლაგება მწკრივებად, როდესაც მოსწავლეები მხოლოდ წინ მსხდომთა კეფას ხედავენ და ვერ იჭერენ ერთმანეთის მზერას;
  • გაკვეთილები კომბინირებული ტიპისაა და მიუხედავად მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გამომჟღავნებული საჭიროებებისა, ერთმანეთს ენაცვლება საშინაო დავალების შემოწმების, ინდივიდუალური გამოკითხვის, ახალი მასალის ახსნის, მისი განმტკიცებისა და საშინაო დავალების მიცემის ეტაპები, რომლებიც ზუსტად 45 წუთში უნდა დასრულდეს.
ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მოყვანილი მაგალითები საკმარისია, რათა ცხადი გახდეს ამგვარი „სწავლების“ მიუღებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, რადგან აშკარაა, რომ:
  • ასეთი გაკვეთილის მიზანი იყო კიდევ ერთი საპროგრამო საკითხის „დაფარვა“ და არა მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კომპეტენციების დაუფლება;
  • მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ ის, რას გააკეთებდა თვითონ და არა ის, რას გააკეთებდნენ მოსწავლეები;
  • მას არ აინტერესებდა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და ხარვეზების მიგნებასა და აღმოფხვრაზე ზრუნვას დროის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევდა („მე ხომ ავხსენი საკითხი და ვინც ისწავლის – ისწავლის, ვინც არა და – რას იზამ, ყველა ვერ იქნება ნიჭიერი ჩემს საგანში“);
  • მან მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო გაკვეთილის მოსამზადებლად და უშურველად დაიხარჯა, თუმცა ამ დროს მოსწავლეთა შედეგებზე არ უფიქრია – იმით დაკმაყოფილდა, რომ საგაკვეთილო პროცესი დაძაბული და შთამბეჭდავი გამოვიდა;
  • მან ნიშნები დაწერა და ჟურნალი შეავსო, მაგრამ არ გაუაზრებია, რა ნაბიჯი გადადგეს მოსწავლეებმა საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისკენ, რადგან შესაძლოა არც კი იცნობდა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის იმ ნაწილს, სადაც მისაღები შედეგები და ინდიკატორებია მითითებული;
  • არ აღელვებდა გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია და არც აპირებდა შეფასებას, რა გამოუვიდა კარგად და რა – არა, რათა მომავალში გაეთვალისწინებინა.
ცხადია, რომ ასეთი სწავლება არც მოსწავლეზეა ორიენტირებული და არც შედეგებზე. შესაბამისად, ასეთი გაკვეთილების შემთხვევაში მოსწავლეთა მიღწევები მინიმალურია:
  • რაოდენობრივად – წარმატებულია მაქსიმუმ „საგანში ნიჭიერი“ 10% + ყველაფერში ბეჯითი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე 10% + საგნის მასწავლებელის ხათრის მქონე და პატივისმცემელი 10% = 30% და არა მოსწავლეთა 100% ან თუნდაც 90%;
  • თვისებრივად – მიიღწევა მხოლოდ ტრივიალური „საკონტროლოს“ დასაწერად ან ფაქტობრივ ცოდნაზე ანუ მეხსიერებით უნარებზე გათვლილი და „გამოცდის ჩაბარებისთვის“ აუცილებელი მინიმალური კომპეტენციების განვითარება და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კომპეტენციებისა.
ბუნებრივია, ასეთი გაკვეთილები ვერც სკოლის შიდა და ვერც გარე შეფასებისას ვერ დაიმსახურებს მაღალ შეფასებას, ამიტომ აუცილებელია გაკვეთილების დაგეგმვაზე მუშაობის ხერხების გაცნობიერება, რათა დაგეგმვის ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან ტრადიციული სწავლების ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებები და გავითვალისწინოთ გაკვეთილის სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც, მაგალითად, ვიდეოჩანაწერში აისახება ან, პირიქით, მიიჩქმალება.

შევაჯამოთ: მხოლოდ სტატიის დასაწყისში ნახსენები ძირითადი უნარ–ჩვევების განვითარება აძლევს მასწავლებელს საშუალებას, წარმატებას მიაღწიოს მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში. ასეთ გაკვეთილებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი მოსწავლეთა საჭიროებები და თავისებურებები, მათი ჩართულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები და მონაწილეობის ინტენსივობის პროცენტული მაჩვენებლები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ტრადიციულ გაკვეთილებზე, სასწავლო საკითხის გააზრებისა და ათვისების ხარისხი რამდენჯერმე უნდა გადამოწმდეს გაკვეთილის განმავლობაში, ხოლო მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აქტივობებში აქცენტი ცოდნის კონსტრუირებასა და სწავლების დიფერენცირებაზე დაისვას.