საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
კურსის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებუის შესაბამისად.
მეთოდები:
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა:კურსი მოიცავს 4 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 13 სამსაათიანი ტრენინგი.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები: · ტექსტურ რედაქტორში მუშაობა; · ინტერნეტში ძიება; · ელ-ფოსტის მოხმარება.
კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
1)გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
2)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
3)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
4)შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
5)შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
1) ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: · გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
2) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).
სერტიფიცირების პირობები
მასწავლებელი II მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმის ელექტრონულ ვერსიას (გაკვეთილის თემა, გაკვეთილის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შეფასების სქემა, საჭირო სასწავლო მასალები და რესურსები, გაკვეთილის მსვლელობის აღწერა);
• გაკვეთილის გეგმას თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი (შეფასების ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, აუდიო/ვიდეო მასალა, ციფრული რესურსის მისამართი და ა.შ.).
მასწავლებელი III მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის ელექტრონულ ვერსიას (პროექტის თემა/იდეა, მნიშვნელობა/აქტუალობა, მიზნები/შედეგები, შეფასების სქემა, საჭირო რესურსი/მასალა, პროექტის მსვლელობის აღწერა);
• სასწავლო პროექტს თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი.
მასწავლებელი IV მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• დამუშავებულ გაკვეთილის გეგმას, შესაბამისი ციფრული სასწავლო მასალით, განათავსებს საგანამათლებლო რესურსების ელექტრონულ საცავში - http://lemill.net.
• პირად ელექტრონულ პორტფოლიოს, დამუშავებული გაკვეთილის გეგმითა და სასწავლო პროექტით, განათავსებს პირად ბლოგზე/საიტზე.
კურსის ავტორები:პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ნინო ბიგვავა, ეკა კორძაძე, ზაქრო გიუნაშვილი, მანანა კვინიკაძე, ნინო ცანდიშვილი
ტრენინგ-კურსის კოორდინატორი: ეკა ჯელაძე.