19.9.09

მასწავლებელთა ისტ ტრენინგები

საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება
მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მე-2 დონის ტრენინგები.
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
  • ინტერნეტში ძიება;
  • ელ-ფოსტის მოხმარება.
ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ:
  • გაკვეთილის გეგმები შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით;
  • სასწავლო პროექტი, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ მასწავლებელს გადაეცემა სერთიფიკატი. სერთიფიცირების პირობები შემდეგია:
  • მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • მოდულის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
  • კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
კურსის მნიშვნელობა:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
  • ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
  • გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი);
  • სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).