3.12.10

საუკეთესო სასწავლო პროექტის ავტორები დაჯილდოვდნენ

25 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. მათგან ორი საუკეთესო ევროპული სასკოლო ქსელის 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც დანიაში 9-დან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება. დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გადასცეს. საუკეთესო სასწავლო პროექტების ავტორები დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
გამარჯვებული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში ”ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები”. პედაგოგები, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან ერთად, შექმნიან ელექტრონულ თამაშებს. პროექტის მონაწილე მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებასაც მიიღებენ.
პროგრამას 2009 წლიდან ცენტრი ახორციელებს. 2010 წელს 5710 მასწავლებელმა გაიარა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო და მე-2 დონის ტრენინგ-კურსები. მათ მიერ მომზადებული მასალები განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში www. lemill. net - ზე და პირად ბლოგებზე.
2011 წელს ტრენინგები გაგრძელდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადდება 12 000 მასწავლებელი და 700 ინფორმაციული მენეჯერი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო