26.1.12

პროექტების კონკურსი

”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”.

კონკურსმა უნდა გამოავლინოს გამარჯვებული ნაშრომები. საკონკურსო ნაშრომები საპრეზენტაციო ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი და ეხებოდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდებს 1921 წლიდან დღემდე. კონკურსის მიზანია წაახალისოს მოსწავლეთა კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. ქრესტომატიული საკითხებიც კი ახალმა თაობამ შეიძლება განსხვავებულად დაინახოს და წარმოაჩინოს. ამიტომაც ოკუპაციის ამსახველი მასალა, რომელიც საკონსკურსოდ იქნება წარმოდგენილი, შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც. მაგალითად, საპრეზენტაციოდ შესაძლოა შერჩეულ იქნას რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ისტორია, რომლის წარმოჩენაც ახალი დეტალებით შეავსებს ჩვენს წარმოდგენას როგორც ზოგადად ოკუპაციის ეპოქის, ისე მისი ისტორიის ამსახველი რომელიმე ეპიზოდის შესახებ.

საკონკურსო პირობები:

  • სასკოლო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. თითოეულმა სკოლამ უნდა წარმოადგინოს (სამი-ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფის მიერ მომზადებული) ერთი პროექტი;
  • სასკოლო პროექტი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სლაიდს;
  • ნამუშევარი უნდა შეიცავდეს ნაშრომის სათაურს, თემის აღწერილობას, გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურის ჩამონათვალს. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება და ჯგუფის წევრების ვინაობა (კლასი, სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);
  • სასკოლო პროექტი ვიზუალურად უნდა იყოს გაფორმებული, ეფექტურად უნდა იყოს შეხამებული ტექსტი და ილუსტრაცია. გამდიდრებული უნდა იყოს დოკუმენტური (ფოტო, ვიდეო, აუდიო) მასალით;
  • სასკოლო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლამ ნამუშევარი მიბმული ფაილის სახლით უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - konkursebi@mes.gov.ge, სათაურის ველში უნდა მიუთითოს კონკურსის დასახელება და სკოლის ნომერი (რაიონი/ქალაქი/სოფელი);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია შეაფასებს და გამოავლენს 15 საუკეთესო პროექტს;
  • შერჩეული 15 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა (სამი-ხუთი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი) კომისიის წინაშე 15-20 წუთში მოახდენს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას, რის შედეგადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული პროექტი.

ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:

  • ნაშრომის საკონკურსო თამასთან შესაბამისობა;
  • ნაშრომის აქტუალობა;
  • შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა;
  • ენობრივი გამართულობა;
  • პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი(დიზაინი);
  • ორიგინალობა/სიახლე;
  • პრეზენტაციის წარდგენის უნარი(მეორე ეტაპი).

ვადები

  • რესურსცენტრების მიერ სკოლების ინფორმირება - 26 იანვარი;
  • სასკოლო პროექტების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა - არაუგვიანეს 13 თებერვლის 12:00 საათისა;
  • კომისიის მიერ საუკეთესო 15 პროექტის გამოვლენა - 22 თებერვალი;
  • საბოლოო სამი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება - 25 თებერვალი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის ორგანიზატორი სტრუქტურული ერთეული - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების სამმართველო (ტელ: 8 32 2318940 შიდა ნომრები: 177, 178, 187, 188).