29.3.13

საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მაიქროსოფთ საქართველო, ინტელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და  „მასწავლებელთა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და Innovative Systems Management აცხადებენ მასწავლებელთა კონკურსს „საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013“(Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013). კონკურსი საქართველოში მეოთხედ ტარდება  და მისი მიზანიაინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
კონკურსის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მასწავლებელს.
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული პროექტის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
პროექტების მიღება დაიწყება 2013 წლის 29 მარტს და დასრულდება 19 მაისს. ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენცია-ფორუმში, რომელიც გაიმართება თბილისში 18-20 ივნისს და მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით (ულტრაბუქი, ნეთბუქი, სმარტფონი).
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში, მოიპოვებენ სქემით გათვალისწინებულ კრედიტებს განხორციელებული პროექტისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფორუმის ვებ-გვერდზე - www.pilforum2013.k12.ge


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო