7.3.17

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას აცხადებს, ამის შესახებ სპეციალური განცხადება ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გააკეთა.
წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესს, რომელიც მოიაზრებს, ცენტრთან ერთად სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას.
ზემოაღნიშნული პროცესი განხორციელდება ეტაპობრივად, რომლის პირველი ეტაპი სიტუაციური ანალიზის და ბაზრის განვითარების პერსპექტივის შესწავლაა. ამ მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს დაინტერესებული ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც დაეხმარება მას არსებული რესურსების სწორ შეფასებაში. რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ:
  • სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მიმართულ საგრანტო კონკურსებსა და სახელმწიფო შესყიდვებში;
  • სერვისის მიმწოდებლებმა, რომლებიც ახორციელებენ უფასო და/ან ფასიან პროფესიული განვითარების პროგრამებს შეძლებენ მოიპოვონ აღიარება იმისათვის, რომ მასწავლებლებს, რომლებიც ხსენებულ პროგრამებს გაივლიან მიენიჭოთ შესაბამისი კრედიტ-ქულები.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
სერვისების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მიმწოდებელს კონკურენტულ გარემოში შეიმუშაოს და განახორციელოს მრავალფეროვანი პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. სერვისის მომწოდებლები შესაძლებელია იყოს
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან დაწესებულებათა ქსელი
  • პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საგნობრივი და პროფესიული ასოციაციები
  • კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა იურიდიული პირები

რეგისტრაცია მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.