ავტორი: სანდრო ასათიანი |
ალბათ გსმენიათ ტერმინი "ღრუბლოვანი სერვისები”, თუ არ გსმენიათ,
აუცილებლად გისარგებლიათ მაინც. მსგავსი სერვისები სულ უფრო პოპულარი ხდება
და ბევრი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ჩახედული ექსპერტი "ღრუბლოვან
სერვისებს” დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ღრუბლოვანი სერვისები
კომპიუტერული პროგრამებისაგან განსხვავებით "ღრუბლოვანი სერვისი”
უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერში კი არ ინსტალირდება, არამერდ
მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერზე ან სულაც სერვერთა ჯგუფშია
განლაგებული. მსგავსი მიდგომა მომხმარებლისათვის ძალზედ მოსახერეხებალია,
ვინაიდან პროგრამის კომპიუტერში გაუმართავმა მუშაობამ შეიძლება ბევრი
პრობლემა შეუქმნას მას და საბოლოო ჯამში საკუთარ კომპიუტერში პროგრამების
შეუფერხებელი ფუნქციონირება თავად მომხმარებლის თავის სატკივარია. ხოლო
"ღრუბლოვანი სერვისის" შემთხვევაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად
სერვისის ადმინისტრაციაა. მაგალითად, კომპანიას კომპიუტერებში პროგრამების
გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად დამატებითი თანამშრომლების დაქირავება
უწევს, თავად კომპიუტერული პროგრამებიც ძვირი ღირს, "ღრუბლოვანი სერვისის”
შემთხვევაში კი კომპანიამ შეიძლება მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს. ასეთი
სერვისების მომხმარებლები ერთობლივად იყენებენ ქსელურ, სისტემურ და
პროგრამულ რესურსებს და მომხმარებლის დონეზე ძლიერი კომპიუტერის არსებობა
არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია, კომპიუტერი შეუფერხებლად
მუშაობდეს ინტერნეტში.
მიუხედავად იმისა, რომ "ღრუბლოვანი სერვისი” მომხმარებლისაგან
მოშორებულ სერვერებზეა განლაგებული და სერვისის წვდომა ინტერნეტის
საშუალებით ხორციელდება, მომხმარებელი "ღრუბლოვანი სერვისით" ისე
სარგებლობს, თითქოს ის უშუალოდ მის კომპიუტერში იყოს დაინსტალირებული.
ტერმინის შემადგენელი სიტყვა "ღრუბლოვანი” გულისხმობს, რომ პროგრამული
სერვისები, კომპიუტერული რესურსები და მათი ადგილმდებარეობა
მომხმარებლისათვის ერთგვარ აბსტრაქციას წარმოადგენს. ამიტომაც ღრუბლოვან
სერვისებს გრაფიკულად ღრუბლის სახით გამოსახავენ ხოლმე. სწორედ ამგვარმა
გამოსახულებამ დაუდო დასაბამი ტერმინს "ღრუბლოვანი სერვისი".
გუგლის ღრუბლოვანი სერვისები
გუგლი ძირითადად თავისი საძიებო სისტემით არის ცნობილი, თუმცა იგი
უკვე დიდი ხანია რაც გაცდა საძიებო სისტემის ჩარჩოებს. გუგლის სხვადასხვა
სახის "ღრუბლოვან სერვისებს” შორის ონლაინ დოკუმენტებს (Google doc)
განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან ეს სერვისი არა მარტო კომპიუტერული
სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო აუდიტორიისათვისაც არის განკუთვნილი.
პირადად მე უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვიყენებ ისეთ პოპულარულ ტექსტურ
რედაქტორს როგორიცაა ვორდი. ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების
შესაქმნელად Google doc-ს მივმართავ ხოლმე. მე როგორც უამრავ სხვა ამ
სერვისის მომხმარებელს ჩემი ონლაინ ფოლდერი გამაჩნია. ჩემს კომპიუტერში
არსებული ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ ფოლდერი იმით განსხვავდება,
რომ ის ინტერნეტშია განთავსებულლი და ამ ფოლდერში განთავსებულ ფაილებთან
წვდომა ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემიძლია. მაგრამ
Google doc-ი მხოლოდ ფაილების საცავი როდია, Google doc-ის საშუალებით
არსებული ფაილების რედაქტირება ან სულაც ახალი ფაილის შექმნაა შესაძლებელი.
გამოსახულებაზე ნაჩვენებია ჩემი ონლაინ ფოლდერი და ამ ფოლდერში განთავსებული ფაილები.
ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის გუგლში
დარეგისტრირებაა საჭირო. ხოლო თუკი თქვენ უკვე გუგლის რომელიმე სერვისის
მომხმარებელი ხართ, თუნდაც ჯიმეილის მაშინ ხელახალი რეგისტრაცია აღარაა
საჭირო, უბრალოდ გაყევით ამ ლინკს: https://docs.google.com/ და თქვენს ონლაინ ფოლდერში აღმოჩნდებით.
როგორც უკვე ავღნიშნე Google doc-ის საშუალებით ფაილების შექმნა და
რედაქტირებაა შესაძლებელი. ამისათვის თქვენი ონლაინ ფოლდერის მარჯვენა ზედა
კუთხეში განლაგებულ წითელ ღილაკს CREATE უნდა მიაჭიროთ და შესაბამისი
ფაილის ტიპი აირჩიეთ:
თუკი უკვე მზა ფაილის განთავსება გნებავთ თქვენს ონლაინ "ღრუბელში”
ამისათვის ღილაკს UPLOAD მიაჭირეთ. ეს ღილაკი CREATE -ს გვერდით არის
განლაგებული და მასზე მყარი დისკია გამოსახული.
რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ დოკუმენტებს
ონლაინ ფოლდერში განთავსებული დოკუმენტების ერთერთი უპირატესობა იმაში
მდგომარეობს რომ მათი გაზიარებაა შესაძლებელი. სანამ ამ სერვისის
მომხმარებელი გავხდებოდი როდესაც რომელიმე დოკუმენტზე ვინმესთან ერთად
ვმუშაობდი, ჩვენს საერთო ნაშრომს ემაილით ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს რათა
ჩვენს საერთო ნაშრომში შესწორებები ეგვეტანა. მსგავსი სახის
თანამშრომლობას ერთი დიდი მინუსი გააჩნია. კომპიუტერში უამრავი სხვადასხვა
დროს ჩასწორებული ფაილი გროვდება და რთული იყო გარკვვა თუ რომელი დოკუმენტი
წარმოადგნს ჩვენი ნაშრომის ბოლო ვერსიას. Google doc - ის შემთხვევაში,
ინტერნეტში განთავსებულ ერთსა და იმავე დოკუმეტზე რამოდენიმე ადამიანს
შეუძლია მუშაობა. ამისათვის საჭიროა თქვენს მიერ შქმნილი დოკუმენტი
გაუძიაროთ იმას ვისაც გსურთ რომ დოკუმენტზე წვდომა გაუხსნათ. ანუ დოკუმენტი
უნდა დააშეიროთ. ამისათვის სასურველი დოკუმენტი უნდა გახსნათ და ეკრანის
მარჯვენა ზედა მხარეში განლაგებულ ღილაკს Share უნდა მიაჭიროთ და იმ
ფანჯარაში რომელიც ღილაკზე მიჭერისას ამოცურდება წარწერის Add people: ქვეშ
იმ პიროვნების ემაილი მიუთითოთ ვისაც გსურთ რომ დოკუმენტი გაუზიაროთ.
ღილაკი Share ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
და ბოლოს
თუკი თქვენს "ღრუბელში” შექმნილი ფაილის თქვენს კომპიუტერში
გადმოწერის სურვილი გაგიჩნდათ მაშინ აირჩიეთ მენიუ File. შემდეგ ქვემენიუ
Download as და შეარჩიეთ იმ ფორმატის ტიპი და ონლაინ ფოლდერიდან თქვენს
მიერ შექმნილი ფაილი თქვენს კომპიუტერში არსებულ ფოლდერში გადმოიწერება.
|
15.5.12
ღრუბელები, რომლებშიც თქვენი ფაილები ინახება
2.5.12
24.4.12
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვაზე რეგისტრაცია ცხადდება
- რეგისტრაციის განაცხადი
- მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს სკოლის დირექტორი; (სამოქმედო გეგმის ნიმუში)
18.4.12
ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა:
• მთავარი პრიზი -ირლანდია
• პირველი ადგილი-ჰოლანდია
• მეორე ადგილი-შვედეთი
• მესამე ადგილი-საქართველო
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში მსოფლიო ფორუმზე წავლენ. მათ შორის იქნებიან ქართველები: ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა საძაგლიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი ელენე ბეთლემიშვილი.
დღეს, პორტუგალიაში გამართულ ევროპის ფორუმზე გამარჯვებული ქართველი მონაწილეები დააჯილდოვეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მათ ელექტრონული წიგნები ე.წ. იოტა რიდერები გადასცეს.
თეა საძაგლიშვილისა და ელენე ბეთლემიშვილის პროექტმა სახელწოდებით „ვიდეო წერილი ლილის“ ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში“ გაიმარჯვა.
პორტუგალიაში გამართულ კონკურსში „ევროპის ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012“ საქართველოდან ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებიც გაკვეთილებს ბუკის მეშვეობით ატარებენ. მათი შერჩევა ადგილობრივ კონკურსზე მოხდა. ევროპის ფორუმზე საქართველოდან თბილისის, გორის, ხიდისთავისა და გურჯაანის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. კონკურსში მონაწილეობის გარდა მათ პორტუგალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზე სემინარებიც ჩაუტარდათ.
კონკურსი კომპანია „მაიკროსოფტისა“ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. იგი დაფუძნებული იყო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
10.4.12
5.4.12
მასწავლებლები და ტრენერები საქართველოდან ევროპის ფორუმზე, პორტუგალიაში გაემგზავრებიან |
ავტორი: ირმა კახურაშვილი |
ინოვაციური პროექტების კონკურსში "საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012" (Partners in Learning Georgian Forum 2012) გამარჯვებულები დააჯილდოეს.
კომპანია "მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა იმ მასწავლებლებმა მიიღეს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ასწავლიდნენ და სწავლების პროცესში ნეთბუკს - ბუკს - იყენებდნენ. საუკეთესოთა ხუთეულში აღმოჩნდნენ თეა საძაგლიშვილი (ხიდისთავის საჯარო სკოლა), ნინო მოსიაშვილი (სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლა), მარეხ ბასილიძე (თბილისის 157-ე საჯარო სკოლა), თამარ ლევანიშვილი (გორის მე-6 საჯარო სკოლა) და ნათია ხაჩიური (თბილისის 32-ე საჯარო სკოლა). კონკურსის თემა სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გახლდათ, მის მიზანსა და შედეგებზე კი დაწვრილებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების კოორდინატორი ეკა ჯელაძე გვიამბობს.
- კონკურსის მიზანი ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. როგორია კონკურსის წინაისტორია და რამდენად დაინტერესდნენ ამით მასწავლებლები?
- წინაისტორია ასეთია: პირველი სექტემბრიდან ყველა სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები ბუკით აღიჭურვნენ. ივლის-აგვისტოს განმავლობაში ამ პროცესს მასწავლებელთა ინტენსიური ტრენინგები უძღოდა წინ. ტრენინგი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტექნიკური უნარების შეძენას, არამედ ელექტრონული რესურსების მომზადებასაც, რათა მასწავლებლებს თვითონვე ჰქონოდათ იმის ნიმუში, რას და როგორ გამოიყენებდნენ სასწავლო პროცესში.
მოტივაციის ასამაღლებლად, ხარისხიანი და შინაარსობრივად დატვირთული პროდუქტის შექმნის წასახალისებლად მასწავლებლებს დავპირდით, რომ მათ შორის საუკეთესოები მიიღებდნენ ჯილდოს - საჩუქრებს და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას. "მაიკროსოფტთან" ერთად გადაწყდა, რომ ინოვატორი მასწავლებლები ამ კომპანიის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე გაემგზავრებოდნენ.
ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესში ინოვატორულად იყენებენ ტექნოლოგიებს. ფორუმის ფარგლებში იმართება მასწავლებლების მიერ მომზადებული პროექტებისა და ელექტრონული რესურსების გამოფენა.
"მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ დავიწყეთ პირველი კლასის მასწავლებლების კონსულტირების პროცესი. ტრენინგების დროს კარგად გვესმოდა, რომ სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელი ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდებოდა, გაუჩნდებოდა კითხვები, დასჭირდებოდა დამხმარე... კონსულტირების მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში კარგად არის აპრობირებული. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტრენინგები გაცილებით ეფექტიანია, თუ მასწავლებლები პირისპირ დასხდებიან და ერთად გაივლიან საკლასო ინსტრუქტაჟს. საქმე ის არის, რომ მასწავლებლები საკლასო ოთახში ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მხოლოდ 10-15 პროცენტს იყენებენ. ეს დაბალი მაჩვენებელია. ხოლო როდესაც ორი კოლეგა ერთმანეთს ასწავლის, მაჩვენებელი 80-90 პროცენტამდე იზრდება.
- როდის დაიწყო და რას გულისხმობს მასწავლებლების კონსულტირება?
- კონსულტირება დეკემბრიდან დაიწყო. პროცესი ასეთია: ტრენერები მიდიან "მოსწავლე" მასწავლებლებთან, სხდებიან მათთან ერთად და ეკითხებიან, ცოდნის მიღების შემდეგ რა სირთულეები შეექმნათ ტექნიკური, მეთოდოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. ისინი ერთად გეგმავენ კონკრეტულ გაკვეთილს, ერთად ატარებენ და აფასებენ მას. ტრენერი და მასწავლებელი თანამშრომლობენ, იზიარებენ პასუხისმგებლობას... ამ კონკურსის ფარგლებში ეს ხაზიც გავაგრძელეთ.
ტრენერებს ვთხოვეთ, მაქსიმალურად დახმარებოდნენ მასწავლებლებს საპროექტო შაბლონის გამართვაში, რათა მათ ეროპულ ფორუმზე მიმზიდველი პროდუქტის წარდგენის საშუალება ჰქონოდათ.
- რამდენად დიდი იყო კონკურის მიმართ მასწავლებელთა ინტერესი?
- სულ სამოცდაექვსი პროექტი შემოვიდა. მეტს ველოდით, თუმცა დროც ცოტა გვქონდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირველი კლასის მასწავლებელს, ვინც კი სასწავლო პროცესში ბუკს იყენებს. საკონკურსო მოთხოვნისამებრ, მასწავლებელს უკვე მზა პროდუქტი უნდა წარმოედგინა. მის პაკეტში მოსწავლეთა ნამუშევრებიც უნდა ყოფილიყო. ყველა პირობას ორმოცდათოთხმეტი პროექტი აკმაყოფილებდა. მათ ავტორთაგან შეირჩა ოცი, რომლებიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. მათი პროექტების პრეზენტაციის შემდგომ კი გამოვლინდა ორი გამარჯვებული. თავდაპირველად ფორუმზე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი კვოტა ჰქონდა, მაგრამ "მაიკროსოფტ საქართველოს" დახმარებით მეორე პროექტის წარდგენის საშუალებაც მოგვეცა.
- ცნობილია, რომ ევროპის ფორუმზე კონკურსი პორტუგალიაში ჩატარდება და გამარჯვებული პროექტი მსოფლიო ფორუმზე იქნება ნომინირებული.
- მსოფლიო ფორუმი ოქტომბერში ათენში გაიმართება. პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კიდევ სამი მასწავლებელი გაემგზავრება. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილი პედაგოგები, გარდა იმისა, რომ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მასტერკლასებსაც დაესწრებიან. ჩვენი ცენტრი მასტერკლასებზე დასასწრებად ორ ტრენერსაც მიავლენს.
- რას ეხებოდა ორი გამარჯვებული პროექტი, რომლებმაც თქვენი ყურადღება დაიმსახურა და ქართველი მასწავლებლებისთვის ევროპის საგზურად იქცა?
- ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებლის პროექტს ერქვა "ვიდეოწერილი ლილის". პროექტის შინაარსისამებრ, პირველკლასელებმა ნიუ-იორკიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვის ვიდეოწერილი მიიღეს. ლილი მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა და არასოდეს ჰქონია ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან. ის საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს მათ აღწერას სთხოვდა. ამ წერილმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სათხოვარს, სურათები გადაუღეს შინაურ ცხოველებს, მასწავლებლის დახმარებით ატვირთეს იუთუბზე, დაწერეს წერილები... მათთვის ტიპურმა გარემომ მოულოდნელად ახლებური დატვირთვა მიიღო.
მეორე გამარჯვებულ პროექტში სოფელ გურჯაანის მასწავლებელმა ასო-ბგერა "ხ" თავისებურად ახსნა. "დედა-ენაში" "ხ” ასო-ბგერის საილუსტრაციო ტექსტში ნახსენებია თიხა და თიხის თასი. იქვე მოცემულია სურათი, სადაც მეთუნე თიხისგან ჭურჭელს ამზადებს. მასწავლებელმა ბავშვები თიხის ჭურჭლის დამამზადებელ სახელოსნოში წაიყვანა და თიხის დამუშავების პროცესი გააცნო. ბავშვებმა, შეძლებისამებრ, ამ პროცესის დოკუმენტირება მოახდინეს.
- ფორუმიდან დაბრუნებული მასწავლებლები და ტრენერები ვის გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს?
- ორი ტრენერი ტრენერთა ოცდაცამეტკაციან ჯგუფში გაავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს ტრენერები კი სკოლებში პედაგოგებს უამბობენ ამის შესახებ. დაინტერესებული მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სახლში გაიმართება სემინარი თემაზე, როგორ იყენებენ ევროპაში ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
ვიმედოვნებთ, გაისად ჩვენი მასწავლებლები კონკურსში უფრო მეტი თავდაჯერებით ჩაერთვებიან.
კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
|
1.4.12
1.2.12
გამოცხადდა კონკურსი
კონკურსი დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროცესში ეფექტურ გამოყენებაზე. გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ფორუმში (Partners in Learning European Forum 2012), რომელიც გაიმართება ლისაბონში, პორტუგალია, 20-22 მარტს. ევროპის ფორუმზე გამარჯვების შემთხვევაში, პროექტი ნომინირებული იქნება მსოფლიო ფორუმზე (Partners in Learning Global Forum 2012), რომელიც ოქტომბერში ჩატარდება ათენში, საბერძნეთი.
საკონკურსო პროექტების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 თებერვალი.
კონკურსის პირობები, ეტაპები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
წყარო საქართველოს ფორუმი - 2012
26.1.12
პროექტების კონკურსი
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე”.
კონკურსმა უნდა გამოავლინოს გამარჯვებული ნაშრომები. საკონკურსო ნაშრომები საპრეზენტაციო ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი და ეხებოდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდებს 1921 წლიდან დღემდე. კონკურსის მიზანია წაახალისოს მოსწავლეთა კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. ქრესტომატიული საკითხებიც კი ახალმა თაობამ შეიძლება განსხვავებულად დაინახოს და წარმოაჩინოს. ამიტომაც ოკუპაციის ამსახველი მასალა, რომელიც საკონსკურსოდ იქნება წარმოდგენილი, შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც. მაგალითად, საპრეზენტაციოდ შესაძლოა შერჩეულ იქნას რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ისტორია, რომლის წარმოჩენაც ახალი დეტალებით შეავსებს ჩვენს წარმოდგენას როგორც ზოგადად ოკუპაციის ეპოქის, ისე მისი ისტორიის ამსახველი რომელიმე ეპიზოდის შესახებ.
საკონკურსო პირობები:
- სასკოლო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. თითოეულმა სკოლამ უნდა წარმოადგინოს (სამი-ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფის მიერ მომზადებული) ერთი პროექტი;
- სასკოლო პროექტი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 სლაიდს;
- ნამუშევარი უნდა შეიცავდეს ნაშრომის სათაურს, თემის აღწერილობას, გამოყენებული წყაროებისა და ლიტერატურის ჩამონათვალს. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს სკოლის დასახელება და ჯგუფის წევრების ვინაობა (კლასი, სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);
- სასკოლო პროექტი ვიზუალურად უნდა იყოს გაფორმებული, ეფექტურად უნდა იყოს შეხამებული ტექსტი და ილუსტრაცია. გამდიდრებული უნდა იყოს დოკუმენტური (ფოტო, ვიდეო, აუდიო) მასალით;
- სასკოლო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლამ ნამუშევარი მიბმული ფაილის სახლით უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - konkursebi@mes.gov.ge, სათაურის ველში უნდა მიუთითოს კონკურსის დასახელება და სკოლის ნომერი (რაიონი/ქალაქი/სოფელი);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია შეაფასებს და გამოავლენს 15 საუკეთესო პროექტს;
- შერჩეული 15 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა (სამი-ხუთი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი) კომისიის წინაშე 15-20 წუთში მოახდენს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას, რის შედეგადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული პროექტი.
ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:
- ნაშრომის საკონკურსო თამასთან შესაბამისობა;
- ნაშრომის აქტუალობა;
- შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა;
- ენობრივი გამართულობა;
- პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი(დიზაინი);
- ორიგინალობა/სიახლე;
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი(მეორე ეტაპი).
ვადები
- რესურსცენტრების მიერ სკოლების ინფორმირება - 26 იანვარი;
- სასკოლო პროექტების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა - არაუგვიანეს 13 თებერვლის 12:00 საათისა;
- კომისიის მიერ საუკეთესო 15 პროექტის გამოვლენა - 22 თებერვალი;
- საბოლოო სამი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება - 25 თებერვალი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კონკურსის ორგანიზატორი სტრუქტურული ერთეული - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების სამმართველო (ტელ: 8 32 2318940 შიდა ნომრები: 177, 178, 187, 188).