24.4.12

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვაზე რეგისტრაცია ცხადდება


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. 23 აპრილიდან 23 მაისამდე მსურველებმა რეგისტრაციისთვის რაიონულ რესურს-ცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეგისტრაციის განაცხადი
  2. მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს სკოლის დირექტორი; (სამოქმედო გეგმის ნიმუში
სქემაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებელს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: dkvinikadze@tpdc.ge

18.4.12

ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ბეჭდვა E-mail

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ევროპის ფორუმზე ქართველი მონაწილეების ნაშრომმა მესამე ადგილი აიღო. ფორუმი პორტუგალიაში გაიმართა და მასზე მთელი ევროპის მასშტაბით 82 პროექტი იყო წარმოდგენილი. საქართველო საუკეთესო ოთხეულში მოხვდა:

•    მთავარი პრიზი -ირლანდია

•    პირველი  ადგილი-ჰოლანდია
•    მეორე ადგილი-შვედეთი
•    მესამე ადგილი-საქართველო
საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი კონკურსანტები ოქტომბერში ათენში მსოფლიო ფორუმზე წავლენ. მათ შორის იქნებიან ქართველები: ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა საძაგლიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერი ელენე ბეთლემიშვილი.  

დღეს,  პორტუგალიაში გამართულ ევროპის ფორუმზე გამარჯვებული ქართველი მონაწილეები დააჯილდოვეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მათ ელექტრონული წიგნები ე.წ. იოტა რიდერები გადასცეს. 


თეა საძაგლიშვილისა და ელენე ბეთლემიშვილის პროექტმა სახელწოდებით „ვიდეო წერილი ლილის“   ფორუმის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური პროექტები განათლებაში“ გაიმარჯვა.  

პორტუგალიაში გამართულ კონკურსში „ევროპის ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012“  საქართველოდან ის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებიც გაკვეთილებს ბუკის მეშვეობით ატარებენ. მათი შერჩევა ადგილობრივ კონკურსზე მოხდა.  ევროპის ფორუმზე საქართველოდან თბილისის, გორის, ხიდისთავისა და გურჯაანის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. კონკურსში მონაწილეობის გარდა მათ პორტუგალიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზე სემინარებიც ჩაუტარდათ. 

კონკურსი კომპანია „მაიკროსოფტისა“ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. იგი დაფუძნებული იყო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

5.4.12

მასწავლებლები და ტრენერები საქართველოდან ევროპის ფორუმზე, პორტუგალიაში გაემგზავრებიან
ავტორი: ირმა კახურაშვილი
ინოვაციური პროექტების კონკურსში "საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012" (Partners in Learning Georgian Forum 2012) გამარჯვებულები დააჯილდოეს.

კომპანია "მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობა იმ მასწავლებლებმა მიიღეს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ასწავლიდნენ და სწავლების პროცესში ნეთბუკს - ბუკს - იყენებდნენ. საუკეთესოთა ხუთეულში აღმოჩნდნენ თეა საძაგლიშვილი (ხიდისთავის საჯარო სკოლა), ნინო მოსიაშვილი (სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლა), მარეხ ბასილიძე (თბილისის 157-ე საჯარო სკოლა), თამარ ლევანიშვილი (გორის მე-6 საჯარო სკოლა) და ნათია ხაჩიური (თბილისის 32-ე საჯარო სკოლა). კონკურსის თემა სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გახლდათ, მის მიზანსა და შედეგებზე კი დაწვრილებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების კოორდინატორი ეკა ჯელაძე გვიამბობს.
- კონკურსის მიზანი ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. როგორია კონკურსის წინაისტორია და რამდენად დაინტერესდნენ ამით მასწავლებლები?
- წინაისტორია ასეთია: პირველი სექტემბრიდან ყველა სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები ბუკით აღიჭურვნენ. ივლის-აგვისტოს განმავლობაში ამ პროცესს მასწავლებელთა ინტენსიური ტრენინგები უძღოდა წინ. ტრენინგი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტექნიკური უნარების შეძენას, არამედ ელექტრონული რესურსების მომზადებასაც, რათა მასწავლებლებს თვითონვე ჰქონოდათ იმის ნიმუში, რას და როგორ გამოიყენებდნენ სასწავლო პროცესში.
მოტივაციის ასამაღლებლად, ხარისხიანი და შინაარსობრივად დატვირთული პროდუქტის შექმნის წასახალისებლად მასწავლებლებს დავპირდით, რომ მათ შორის საუკეთესოები მიიღებდნენ ჯილდოს - საჩუქრებს და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის საშუალებას. "მაიკროსოფტთან" ერთად გადაწყდა, რომ ინოვატორი მასწავლებლები ამ კომპანიის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე გაემგზავრებოდნენ.
ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ის მასწავლებლები, რომლებიც სასწავლო პროცესში ინოვატორულად იყენებენ ტექნოლოგიებს. ფორუმის ფარგლებში იმართება მასწავლებლების მიერ მომზადებული პროექტებისა და ელექტრონული რესურსების გამოფენა.
"მაიკროსოფტ საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ დავიწყეთ პირველი კლასის მასწავლებლების კონსულტირების პროცესი. ტრენინგების დროს კარგად გვესმოდა, რომ სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელი ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდებოდა, გაუჩნდებოდა კითხვები, დასჭირდებოდა დამხმარე... კონსულტირების მეთოდი საგანმანათლებლო სისტემაში კარგად არის აპრობირებული. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტრენინგები გაცილებით ეფექტიანია, თუ მასწავლებლები პირისპირ დასხდებიან და ერთად გაივლიან საკლასო ინსტრუქტაჟს. საქმე ის არის, რომ მასწავლებლები საკლასო ოთახში ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მხოლოდ 10-15 პროცენტს იყენებენ. ეს დაბალი მაჩვენებელია. ხოლო როდესაც ორი კოლეგა ერთმანეთს ასწავლის, მაჩვენებელი 80-90 პროცენტამდე იზრდება.
- როდის დაიწყო და რას გულისხმობს მასწავლებლების კონსულტირება?
- კონსულტირება დეკემბრიდან დაიწყო. პროცესი ასეთია: ტრენერები მიდიან "მოსწავლე" მასწავლებლებთან, სხდებიან მათთან ერთად და ეკითხებიან, ცოდნის მიღების შემდეგ რა სირთულეები შეექმნათ ტექნიკური, მეთოდოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. ისინი ერთად გეგმავენ კონკრეტულ გაკვეთილს, ერთად ატარებენ და აფასებენ მას. ტრენერი და მასწავლებელი თანამშრომლობენ, იზიარებენ პასუხისმგებლობას... ამ კონკურსის ფარგლებში ეს ხაზიც გავაგრძელეთ.
ტრენერებს ვთხოვეთ, მაქსიმალურად დახმარებოდნენ მასწავლებლებს საპროექტო შაბლონის გამართვაში, რათა მათ ეროპულ ფორუმზე მიმზიდველი პროდუქტის წარდგენის საშუალება ჰქონოდათ.
- რამდენად დიდი იყო კონკურის მიმართ მასწავლებელთა ინტერესი?
- სულ სამოცდაექვსი პროექტი შემოვიდა. მეტს ველოდით, თუმცა დროც ცოტა გვქონდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა პირველი კლასის მასწავლებელს, ვინც კი სასწავლო პროცესში ბუკს იყენებს. საკონკურსო მოთხოვნისამებრ, მასწავლებელს უკვე მზა პროდუქტი უნდა წარმოედგინა. მის პაკეტში მოსწავლეთა ნამუშევრებიც უნდა ყოფილიყო. ყველა პირობას ორმოცდათოთხმეტი პროექტი აკმაყოფილებდა. მათ ავტორთაგან შეირჩა ოცი, რომლებიც კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. მათი პროექტების პრეზენტაციის შემდგომ კი გამოვლინდა ორი გამარჯვებული. თავდაპირველად ფორუმზე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი კვოტა ჰქონდა, მაგრამ "მაიკროსოფტ საქართველოს" დახმარებით მეორე პროექტის წარდგენის საშუალებაც მოგვეცა.
- ცნობილია, რომ ევროპის ფორუმზე კონკურსი პორტუგალიაში ჩატარდება და გამარჯვებული პროექტი მსოფლიო ფორუმზე იქნება ნომინირებული.
- მსოფლიო ფორუმი ოქტომბერში ათენში გაიმართება. პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, კიდევ სამი მასწავლებელი გაემგზავრება. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილი პედაგოგები, გარდა იმისა, რომ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მასტერკლასებსაც დაესწრებიან. ჩვენი ცენტრი მასტერკლასებზე დასასწრებად ორ ტრენერსაც მიავლენს.
- რას ეხებოდა ორი გამარჯვებული პროექტი, რომლებმაც თქვენი ყურადღება დაიმსახურა და ქართველი მასწავლებლებისთვის ევროპის საგზურად იქცა?
- ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებლის პროექტს ერქვა "ვიდეოწერილი ლილის". პროექტის შინაარსისამებრ, პირველკლასელებმა ნიუ-იორკიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვის ვიდეოწერილი მიიღეს. ლილი მაღალსართულიან სახლში ცხოვრობდა და არასოდეს ჰქონია ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან. ის საქართველოში მცხოვრებ თანატოლებს მათ აღწერას სთხოვდა. ამ წერილმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სათხოვარს, სურათები გადაუღეს შინაურ ცხოველებს, მასწავლებლის დახმარებით ატვირთეს იუთუბზე, დაწერეს წერილები... მათთვის ტიპურმა გარემომ მოულოდნელად ახლებური დატვირთვა მიიღო.
მეორე გამარჯვებულ პროექტში სოფელ გურჯაანის მასწავლებელმა ასო-ბგერა "ხ" თავისებურად ახსნა. "დედა-ენაში" "ხ” ასო-ბგერის საილუსტრაციო ტექსტში ნახსენებია თიხა და თიხის თასი. იქვე მოცემულია სურათი, სადაც მეთუნე თიხისგან ჭურჭელს ამზადებს. მასწავლებელმა ბავშვები თიხის ჭურჭლის დამამზადებელ სახელოსნოში წაიყვანა და თიხის დამუშავების პროცესი გააცნო. ბავშვებმა, შეძლებისამებრ, ამ პროცესის დოკუმენტირება მოახდინეს.
- ფორუმიდან დაბრუნებული მასწავლებლები და ტრენერები ვის გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს?
- ორი ტრენერი ტრენერთა ოცდაცამეტკაციან ჯგუფში გაავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს ტრენერები კი სკოლებში პედაგოგებს უამბობენ ამის შესახებ. დაინტერესებული მასწავლებლებისთვის მასწავლებლის სახლში გაიმართება სემინარი თემაზე, როგორ იყენებენ ევროპაში ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
ვიმედოვნებთ, გაისად ჩვენი მასწავლებლები კონკურსში უფრო მეტი თავდაჯერებით ჩაერთვებიან.
კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ: