29.12.11

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

სიხარულის, ბედნიერების, წინსვლისა და წარმატების წელი ყოფილიყოს თქვენთვის და ყველა თქვენთვის ძვირფასი ადამიანისათვის.

7.11.11

ძვირფასო მასწავლებლებო!
ტრენინგებსა და სემინარებზე დასასწრებად დარეკეთ:
577 640 166
577 640 167
577 640 168

წყარო
ტრენინგებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:treningi@tpdc.ge

7.10.11

მასწავლებლის სახლი

5 ოქტომბერს გახსნა მასწავლებლის სახლი. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის  სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ.  აქვე მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ჩაატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან.მასწავლებლის სახლში საბავშვო ოთახი იფუნქციონირებს, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეეძლებათ.
ტრანსპორტი:

1) №136, №96, №139 - მიკროავტობუსები მეტრო "ახმეტელი"-დან;

3) №167 - მიკროავტობუსი გამოდის მეტრო "ავლაბარი"-დან;
4) №128 -მიკროავტობუსი გამოდის ვაკიდან(საწყისი გაჩერება ფალიაშვილის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლთან, გაივლის ,,სამთო ქიმიის” შენობას).

9.5.11

”მეორე დონის” ტრენინგები

2011 წლის 7 მაისიდან თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მეორე დონის ტრენინგი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”. ტრენიგში მონაწილეობას იღებენ თბილისის 21-ე, 165-ე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მანგლისის, სოფელ ასურეთის, სოფელ ბოგვის, სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგბი. 

11.3.11

”მეორე დონის” ტრენინგები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პედაგოგებისთვის

2011 წლის 5 მარტიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის მიმდინარეობს მეორე დონის ტრენინგი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”. ტრენიგში მონაწილეობას იღებენ თეთრიწყაროს N 1, N 2, სოფელ ასურეთის, სოფელ სამღერეთის, სოფელ ბოგვის, სოფელ წინწყაროს, სოფელ ერტისის საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგბი. ტრენინგები გაგრძელდება მიმდინარე სასწავლო წლის 10 აპრილამდე.


10.3.11

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლაში

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პილოტირებას გადის და ინერგება ახალი საგნები: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინგლისური ენა (პირველი კლასიდან), სპორტი, ქართული ცეკვა, მსოფლიო კულტურა.

ახალი საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - სწავლების მნიშვნელობაზე, ამ საგნის სწავლა-სწავლების ფორმებსა და მეთოდებზე გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი, ქ-ნი ნათია ჯოხაძე.

ქ-ნო ნათია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა. რა სიახლეებია დაგეგმილი ამ მიმართულებით?

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიოს ინფორმაციულ სივრცეში მისი აქტიური ინტეგრირება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანადაა მიჩნეული.

სახელმწიფოსათვის და საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს სწავლებას ამ მიმართულებით ზოგადი განათლების ყოველ საფეხურზე.

რა მეთოდოლოგიით და რომელ კლასებში ისწავლება ეს ახალი საგანი?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სწავლებისას დაგეგმილია ორგვარი მიდგომა: ისტ-ი, როგორც დამოუკიდებელი საგანი და ისტ-ი - ინტეგრირებული სხვა სასწავლო დისციპლინებში. ისტ-ი, როგორც ცალკე საგანი, ისწავლება I, V, VI კლასებში. დანარჩენ კლასებში სწავლება ინტეგრირებულად მიმდინარეობს, ხოლო X, XI, XII კლასებში საგანი არჩევითია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 3000 პირველკლასელს კომპიუტერები - ნეტბუქები დაურიგდა და დაიწყო საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პილოტორება, ხოლო 2011-2012 სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი მიიღებს ნეტბუქს. დაწყებით კლასებში კომპიუტერის გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთა ტექნიკური კომპეტენციების განვითარებისათვის, ასევე იგი დაეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის სწავლაში, სახალისოს და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს. სწავლების პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესი ეფუძნება სათამაშო გარემოს შექმნას, რომლის დროსაც აქტივობების უმეტესობა დაკავშირებულია რაოდენობების და კანონზომიერებების ამოცნობასთან, რიცხვებზე მოქმედებებთან, ფერებთან, ფორმებთან და ა.შ.

როგორ არის შედგენილი სასწავლო პროგრამა?

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა შედგენილია მისი ფლობის დონეების მიხედვით. სწავლების ასეთი მოქნილი მოდელი თითოეულ მოსწავლეს მისი შესაძლებლობების შესაბამის ცოდნას აძლევს სწავლების ნებისმიერ საფეხურზე. გამოიყოფა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის 3 დონე:

I დონე
მოიცავს დამწყები მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს: ძირითადი მოწყობილობების ცოდნა, ოპერაციული სისტემა, ტექსტთან მუშაობა (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი, ელ-ფოსტა და ა.შ.

II დონე მოიცავს დაოსტატებული მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს: გარდა იმისა, რომ I დონის სასწავლო მასალა გამეორდება გაღრმავებულად, მას დაემატება სხვა, უფრო რთული კომპონენტები, ოპერაციული სისტემები, web-დიზაინის ელემენტები და სხვ.

III დონეზე გათვალისწინებულია არჩევითი კურსი. სკოლას, არსებული რესურსებიდან გამომდინარე, შეეძლება შესთავაზოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ორი მოდული: პირველი მოდული მოიცავს ინფორმატიკის და პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა შენახვის, დამუშავების, გადაცემის ხერხებს, ალგორითმებს, ხოლო მეორე მოდული იქნება კომპიუტერული დიზაინი (მაგალითად: web-დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, მულტიმედია და სხვ.).

როგორ
განისაზღვრება სწავლების დონეები - კლასების, ანუ ასაკის მიხედვით თუ სხვა კრიტერიუმებით?
ექსპერტები ჩამოყალიბდნენ შემდეგ პოზიციაზე: ყოველი დონის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფი განისაზღვროს თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად (ამ სკოლაში ისტ-ის სწავლების ტრადიციების, კომპიუტერების რაოდენობის, კვალიფიციური კადრების არსებობის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საკუთრებაში არსებული კომპიუტერების რაოდენობის და სხვა პარამეტრების მიხედვით). მაგალითად, ისტ-ის, როგორც დამოუკიდებელი საგნის, დანერგვის საწყის ეტაპზე სკოლას უფლება აქვს, ისტ-ის პირველი დონე დაიწყოს როგორც მე-5, ასევე უფრო მაღალ კლასებშიც, თუ მაღალი კლასის მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ფლობს პირველი დონის შესაბამის უნარებს.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საბაზისო ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რაც მას დაეხმარება როგორც მომავალ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სწავლის გასაგრძელებლად.

წყარო

4.3.11

განახლებული სახელმძღვანელო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მომზადებით გამოიცა განახლებული სახელმძღვანელო ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”. სახელმძღვანელო წარმოადგენს შესაბამის საგანში მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამას და შედგება 4 მოდულისაგან.

მოდული I. კურსის შესავალი
კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლი და მიზნები სასწავლო პროცესში
სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები და
ისტ-ის გამოყენება

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიები
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
სასწავლო მასალის/რესურსების მომზადება ისტ-ის საშუალებით
სასწავლო პრეზენტაციების მომზადება
სიმულაციების, აუდიო-ვიდეოსაშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში
სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით

მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის და გეგმვასა და განხორციელების პროცესში
სასწავლო პროექტის შეფასება

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო
მასწავლებლის პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.
სახელმძღვანელო შეგიძლიათ მოიკითხოთ საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში.

11.2.11

ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები

მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ელექტრონული თამაშების მომზადება. პროექტში მონაწილეობას იღებენ საუკეთესო ელექტრონული რესურსების კონკურსში გამარჯვებული 25 მასწავლებელი, ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტები და საგანმანათლებლო ექსპერტები.

პროექტის ფარგლებში, 28 თებერვლიდან 1 მარტამდე, მიმდინარეობდა პროექტის მონაწილეთა ტრენინგი საგანმანათლებლო ელექტრონული თამაშების სცენარების შექმნაზე. პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება. პროექტის შედეგად შეიქმნება 8 საგანმანათლებლო ელექტრონული თამაში სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში
წყარო

3.12.10

საუკეთესო სასწავლო პროექტის ავტორები დაჯილდოვდნენ

25 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. მათგან ორი საუკეთესო ევროპული სასკოლო ქსელის 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც დანიაში 9-დან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება. დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გადასცეს. საუკეთესო სასწავლო პროექტების ავტორები დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
გამარჯვებული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში ”ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები”. პედაგოგები, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან ერთად, შექმნიან ელექტრონულ თამაშებს. პროექტის მონაწილე მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებასაც მიიღებენ.
პროგრამას 2009 წლიდან ცენტრი ახორციელებს. 2010 წელს 5710 მასწავლებელმა გაიარა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო და მე-2 დონის ტრენინგ-კურსები. მათ მიერ მომზადებული მასალები განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში www. lemill. net - ზე და პირად ბლოგებზე.
2011 წელს ტრენინგები გაგრძელდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადამზადდება 12 000 მასწავლებელი და 700 ინფორმაციული მენეჯერი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

6.5.10

გამოცხადდა კონკურსი

”ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი”

ორგანიზატორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კორპორაცია Microsoft-ის პროგრამა Partners in Learning.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს

  • სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;
  • მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების,ინსტრუმენტების გაცნობა.

კონკურსი/კონფერენცია გაიმართება ორ სამუშაო სესიად სწავლების დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურების შესაბამისად.

მონაწილეები

საქართველოს სკოლების მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები

რეგისტრაცია

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია

რეგისტრაცია გაგრძელდება 22 მაისამდე.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ დავით კიზირიას, ელფოსტა david.kiziria@isi.ac.ge

ან დარეკეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (822 318940), საკონტაქტო პირი: ნინო ცანდიშვილი

19.9.09

მასწავლებელთა ისტ ტრენინგები

საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება
მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მე-2 დონის ტრენინგები.
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
  • ინტერნეტში ძიება;
  • ელ-ფოსტის მოხმარება.
ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ:
  • გაკვეთილის გეგმები შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით;
  • სასწავლო პროექტი, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ მასწავლებელს გადაეცემა სერთიფიკატი. სერთიფიცირების პირობები შემდეგია:
  • მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • მოდულის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
  • კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
კურსის მნიშვნელობა:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
  • ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
  • გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი);
  • სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).